top of page
  • Writer's pictureForesight Investment Group null

ყოველკვირეული დაიჯესტი: 8 - 14 მაისი



ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე შეამცირა


👉 საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გასულ კვირაში რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა 11%-დან 10.5%-მდე დაიწია. 🏛️ სებ-ის ინფორმაციით ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში ინფლაციის შემცირება გახდა. შეგახსენებთ, რომ აპრილში ინფლაციის დონე სამიზნე 3%-ს ჩამოსცდა და 2.7% შეადგინა, ხოლო საბაზისო ინფლაციამ 4.7% შეადგინა. 📊 საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის აზრით, განაკვეთის შემცირება გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის ის სავარაუდოდ 9%-ს მიაღწევს. 🔎 ანალიზი: რას ნიშნავს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ქვეყნის ეკონომიკისთვის? 📈 ეკონომიკური ზრდის სტიმულირება

  • შემცირებული საპროცენტო განაკვეთები აიაფებს სესხებს, რაც ზრდის საკრედიტო რესურსებზე წვდომას მოქალაქეებისთვის და ბიზნესებისთვის;

  • ეს გამოიწვევს მომატებულ ხარჯვას ეკონომიკაში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

❌ გავლენა ინფლაციაზე

  • დაბალმა საპროცენტო განაკვეთებმა შესაძლოა გამოიწვიოს უფრო მაღალი ინფლაცია გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან გაზრდილი დაკრედიტება ზრდის ფულის მასას ეკონომიკაში;

  • თუმცა, ინფლაციის ამჟამინდელი დონე სამიზნესთან ახლოსაა, რაც ნიშნავს, რომ განაკვეთების ეტაპობრივი შემცირება გამართლებულია.

📉 გავლენა ვალუტის კურსებზე

  • საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ეროვნული ვალუტის საინვესტიციო მიმზიდველობა;

  • გაუფასურებულმა ვალუტამ შესაძლოა გამოიწვიოს ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდა, მაგრამ ასევე შეიძლება გაზარდოს იმპორტირებული საქონლის ღირებულება და ხელი შეუწყოს ინფლაციის ზრდას.

🏘 გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე

  • დაბალი საპროცენტო განაკვეთები იპოთეკური სესხების გაიაფებას ნიშნავს, რაც ზრდის აქტივობას უძრავი ქონების ბაზარზე. აღნიშნული ტენდენცია პოტენციურად გამოიწვევს უძრავი ქონების ფასების ზრდას.

 

ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა


👉 ეროვნულმა ბანკმა (სებ-მა) საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და ელის, რომ ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება. აქამდე სებ-ი 4%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

  • პროგნოზი ასევე გააუმჯობესა IMF-მა და ისინიც 5%-იან ზრდას ელიან 2023 წელს საქართველოში.

  • საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება.

  • ასევე 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი (ADB).


🏛️ ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2023 წელს ინფლაცია 2.8%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო IMF-ის ვარაუდით ინფლაცია 3%-იან წლის ნიშნულს ჩამოცდება.


⭕ შეგახსენებთ, რომ I კვარტლის საშუალო რეალური გაწლიურებული ზრდა 7.2% იყო.

🔎 ანალიზი: საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი


2023 წელს 5%-იანი ზრდის პროგნოზი ნორმალური მაჩვენებელია და გლობალურად მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე პოზიტიურადაც შეიძლება ჩაითვალოს.

👉 თუმცა, საქართველოს ზომის ეკონომიკისთვის, 5%-იანი ზრდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანა მოკლე ან თუნდაც საშუალო პერიოდში გახდეს მდიდარი სახელმწიფო.

📈 იმისთვის, რომ საქართველო გონივრულ ვადაში გადავიდეს მდიდარი ქვეყნების რიგებში, ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 10%-იანი ზრდა ყოველ წელს შემდეგი 10-15 წლის განმავლობაში.

აშკარაა, რომ ეკონომიკის დღევანდელი სტრუქტურა და ზრდის ბერკეტები საკმარისი არ არის ამ შედეგის მისაღწევად.


💹 გრძელვადიანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად საჭიროა:


🚀 ეკონომიკური ზრდის ახალი ძრავები

  • ეკონომიკის დივერსიფიკაცია ახალი ინდუსტრიების განვითარებითა და ტრადიციულ სექტორებზე დამოკიდებულების შემცირებით;

  • ინვესტირება მაღალი პოტენციალის მქონე სექტორებში, როგორიცაა ტექნოლოგიები, განახლებადი ენერგიები და წარმოება;

  • ინოვაციების და მეწარმეობის წახალისება ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და შიდა საწარმოო რესურსის გასაძლიერებლად.


🏛 კაპიტალის ბაზრის განვითარება

  • საჭიროა ძლიერი კაპიტალის ბაზარი ახალი ინდუსტრიების დასაფინანსებლად და ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად;

  • განვითარებული კაპიტალის ბაზარი ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;

  • კაპიტალის ბაზარზე შექმნილი საინვესტიციო შესაძლებლობებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები და დანაზოგებს ეფექტიანად დააბანდებენ.

 

2023 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა


👉 აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 14.8 პროცენტიანი ზრდით, 2022 წლის თებერვალთან.

 

აშშ-ის მიერ დეფოლტის გამოცხადება გამორიცხულია - ჯო ბაიდენი


👉 პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება გამორიცხულია და ამას ქვეყნის ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.


პრეზიდენტის განცხადება კონგრესში მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირდება, რომლის ფონზეც ქვეყნის სავალო ლიმიტის გაზრდის გადაწყვეტილებაზე კონსენსუსი ჯერაც არ არის მიღწეული, დროის ამოწურვამდე კი 20 დღე რჩება.


31 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარი - ეს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუჯეტით განსაზღვრული ვალის ჭერია, რომელსაც ქვეყანამ იანვარში უკვე გადააჭარბა.

 

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა


👉 ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 📊 შედეგად, რეფინანსირების განაკვეთმა 4.50%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. ⭕ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ბრიტანეთში ინფლაციის დონის მაღალ, 10.1%-იან ნიშნულთან.

🔎 ანალიზი: ინფლაციის გამომწვევი მიზეზები და სამომავლო მოლოდინები

📊 დღევანდელი მდგომარეობა და პროგნოზი

  • გაცილებით მაღალი ინფლაცია ვიდრე აშშ-ში (4.9%), ევროკავშირსა (7%) და ირლანდიაში (7.2%);

  • ინგლისის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ინფლაცია ბრიტანეთში წლის ბოლომდე 5.1%-მდე შემცირდება.

📉 ინფლაციის გამომწვევი მიზეზები

  • შრომითი ბაზრისა და პროდუქტიულობის საკითხები - დიდ ბრიტანეთში მაღალი ინფლაცია ნაწილობრივ გამოწვეულია ეკონომიკის დაბალი პროდუქტიულობით და ნაკლებად მოქნილი შრომითი ბაზრით;

  • Brexit-ის გავლენა - Brexit-ის შემდგომ ბრიტანეთმა ასიათასობით მუშახელი დაკარგა, რამაც გამოიწვია პროდუქტიულობის შემცირება და შესაბამისად, ინფლაცია;

  • საწვავის ფასები - გაერთიანებული სამეფოს იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულებამ, მაშინ როცა რადიკალურად გაიზარდა ენერგიის ფასების გლობალურად, ხელი შეუწყო ქვეყანაში მაღალ ინფლაციას.

 

აშშ-ში ინფლაცია 4.9%-მდე შემცირდა


👉 ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე 4.9%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.


📊 რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (Core CPI), რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 5.5%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება.

 

ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება


👉 საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება - ერთკვირიან ჭრილში უნცია (28.3 გრამი) ოქროს ფასი 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 2021 დოლარს შეადგენს.


📊 ერთთვიან პერიოდში ოქრო თითქმის 9%-ითაა გაძვირებული და მისი ფასი ერთთვიან მაქსიმუმს აღწევს.


აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასი ტურბულენტურ ეკონომიკურ გარემოში მატულობს, რადგან ის მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო ინვესტიცია, რომლის ღირებულება სტაბილურია და არ არის ფართო ეკონომიკასთან კორელაციაში.

 

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასები ეცემა


👉 საერთაშორისო კრიპტობირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება.

  • ბიტკოინის ფასი 10.6%-ით არის შემცირებული ბოლო 1 თვის განავლობაში და 26,700$ შეადგენს.

  • ხოლო რაც შეეხება ეთერიუმს, 1 თთვიან ჭრილში 6%-ითაა შემცირებული და მისი ფასი 1800$ შეადგენს.

 

bottom of page