Foresight Investment Group null
ყოველკვირეული დაიჯესტი: 1 - 7 მაისი

აპრილში წლიური ინფლაციის დონე 2.7%-მდე შემცირდა
👉 საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7% შეადგინა.
ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო.
📊 ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: -2.1%
ტრანსპორტი: -2.0%
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: +2.1%
ჯანმრთელობის დაცვა: +0.9%
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: +5.9%
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: +10.3%
ტრანსპორტი: -12.9%
ჯანმრთელობის დაცვა: -7.9%
🔎 ანალიზი: რას ნიშნავს ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება ქვეყნის ეკონომიკისთვის?
✅ დადებითი ეფექტები
მომხმარებელთა მსყიდველთუნარიანობის ზრდა: ინფლაციის შემცირებული მაჩვენებელი გაზრდის მომხმარებელთა მსყიდველობით უნარს, წაახალისებს ხარჯვას და მოახდენს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას;
მონეტარული პოლიტიკის შერბილება: მოსალოდნელია, რომ შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს აქტივობას და ინვესტიციებს.
❌ უარყოფითი ეფექტები
დეფლაციის რისკი: ვალუტის გამყარება და ამის შედეგად იმპორტულ პროდუქციაზე ფასების კლება (სხვა ფაქტორებთან ერთად) შესაძლოა დეფლაციაში გადაიზარდოს, რაც დიდი რისკია ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღისთვის;
ფასების ვოლატილობა: მოსალოდნელია, რომ თუ ეროვნული ბანკი დროულად არ შეარბილებს მონეტარულ პოლიტიკას, შეიძლება მოხდეს ფასების მნიშვნელოვანი რყევები, რაც გამოიწვევს არასტაბილურ ეკონომიკურ პროცესებს 2024 წლისთვის.
📉 პროგნოზი და რეკომენდაციები
მონეტარული პოლიტიკის შერბილება: მოსალოდნელია, რომ ეროვნული ბანკი მაისში მინიმუმ 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო წლის ბოლომდე - ეტაპობრივად 1-1.5 პროცენტული პუნქტით (დღევანდელი განაკვეთი - 11%);
ინფლაციური მოლოდინები: მოსალოდნელია, რომ მაისში ინფლაცია 2%-ზე დაბლა ჩამოვა. ასევე, თუ ლარი გამყარების ტენდენციას გააგრძელებს, მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო ფასების ცვლილება წლის ბოლოსკენ ნეგატიური იქნება (დეფლაცია).

საქართველოში ობლიგაციების ბაზარი იზრდება
👉 ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში ობგლიგაციების ბაზარზე ზრდის ტენდენციაა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სეგმენტი +49.3%
კორპორაციული ობლიგაციების სეგმენტი: +19.7%.
📊 წინა წელთან შედარებით, ობლიგაციების ბაზარი 39.4%-ით გაიზარდა და მისმა ზომამ მთლიანი შიდა პროდუქტის 4.23% შეადგინა.
გამოშვებული ობლიგაციების 71.3% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციები იყო.
სახაზინო ობლიგაციებისათვის, 2022 წელს მეორადი ბაზრის გარიგებების მოცულობამ 20.8% შეადგინა. მეორადი ბაზრის გარიგებებში მნიშვნელოვანი წილი ეროვნულ ბანკს მიუძღვის.
🟢 აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კაპიტალის ბაზარზე განხორციელდა პირველი ადგილობრივი მწვანე კორპორაციული ობლიგაციის ემისია, რომლის ღირებულებამაც 80 მილიონი დოლარი შეადგინა.
🔎 ანალიზი: რატომ არის ობლიგაციების ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანი?
📈 ეკონომიკური განვითარება - ობლიგაციების ბაზარი ეკონომიკაში აჩენს დაფინანსების ახალ წყაროებს, რაც ხელს უწყობს ბიზნესების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებას და ეხმარება მათ განვითარებაში.
✅ ინვესტორების მხრიდან ნდობის მოპოვება- ობლიგაციების განვითარებული ბაზარი გაზრდის ნდობას საქართველოს კაპიტალის ბაზრის მიმართ, რაც მოიზიდავს უცხოელ ინვესტორებს.
💢 დივერსიფიკაცია და რისკის შემცირება - ობლიგაციების უფრო დიდ ბაზარს შეუძლია ინვესტორებს მეტი შესაძლებლობა მისცეს თავიანთი პორტფელების დივერსიფიკაციისთვის, რაც შეამცირებს საერთო საინვესტიციო რისკს.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB-იმ) მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა
👉 ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით (+0.25%) გაზარდა. განახლებული რეფინანსირების განაკვეთი 3.75%-ია. 📊 წინა შეხვედრებზე პოლიტიკის განაკვეთი არა 25, არამედ 50-75 საბაზო პუნქტით იზრდებოდა, თუმცა აპრილში, ევროზონის მასშტაბით ინფლაციის დონის 6.9%-მდე შემცირების გამო, ECB-იმ გამკაცრების პოლიტიკა შეამსუბუქა.
🔎 ანალიზი: როგორია ევროკავშირის ეკონომიკური მდგომარეობა და მოლოდინები?
📊 დღევანდელი მდგომარეობა
ინფლაციის მაჩვენებლები
საბაზო ინფლაცია აპრილში 5.6%-მდე შემცირდა;
ჯამური ინფლაცია აპრილში 7%-მდე გაიზარდა, მარტის 6,9%-დან.
ეკონომიკური მდგომარეობა
2023 წლის პირველ კვარტალში ევროზონამ მცირედით აირიდა რეცესია;
უმუშევრობის დონე აპრილში 6.5%-მდე შემცირდა;
ბანკებმა დაკრედიტების კრიტერიუმები გაამკაცრეს, რაც ამცირებს დაფინანსებს ბიზნესებისთვის და მოქალაქეებისთვის.
📉 სამომავლო მოლოდინები
ეკონომიკური გამოწვევები - მზარდი ფასები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები ნეგატიურ გავლენას ახდენს ევროზონის ეკონომიკაზე. მოსალოდნელია რეცესია;
ინფლაციური წნეხი - ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული;
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება - მიუხედავად იმისა, რომ ECB-მ შეანელა საპროცენტო განაკვეთის ზრდის ტემპი, მაინც მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის უფრო გამკაცრება შემდეგი თვეების განმავლობაში;
სესხის გაცემის სტანდარტების გამკაცრება - ევროზონის ბანკები ამკაცრებენ დაკრედიტების კრიტერიუმებს ეკონომიკური გამოწევევების და რეცესიული რისკების გამო, რაც ამცირებს დაფინანსებას ბიზნესებსა და მოსახლეობისთვის.

აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა (FED-მა) მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა
👉 FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით (+0.25%) გაიზარდა.
გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 5.0-5.25%-ის ფარგლებში განისაზღვრა.
⭕ ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აშშ-ში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.
📊 ისევე როგორც ევროკავშირის მაშტაბით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შემსუბუქების მიზეზი, აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირებითაა განპირობებული, სადაც მარტში წლიური ინფლაციის დონემ 5% შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ინფლაციამ პიკს 2022 წლის ივნისში მიაღწია და 9.1% შეადგინა.
🔎 ანალიზი: როგორია ინფლაციური და ეკონომიკური მოლოდინები აშშ-ში?
ფედერალური რეზერვის შეფასებით, შესაძლოა ეს იყოს განაკვეთის ბოლო ზრდა. FED-ის პრეზიდენტის თქმით, ცენტრალური ბანკი ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე მონაცემებს და განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მონაცემების საფუძველზე მიიღებს;
მოსალოდნელია, რომ ინფლაცია კიდევ უფრო შემცირდება 2023 წლის მეორე ნახევარში, საცხოვრებელ სახლებზე ფასების კლების და სესხებზე განაკვეთების ზრდის შედეგად სამომხმარებლო ხარჯვის შემცირების გამო;
დაკრედიტების პირობების გამკაცრებამ და საბანკო სტრესმა შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური ზრდა და 2023 წელს ქვეყანაში რეცესია დაიწყოს.

საქართველო კორეასთან ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებს
👉 ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი განიხილეს.
მხარეებმა განიხილეს საქართველო - კორეას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე (Economic Partnership Agreement) მოლაპარაკებების დაწყების საკითხი და მოლაპარაკების პირობების დოკუმენტი, რომლის თანახმადაც შეთანხმებით დაიფარება:
საქონელი
მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია
სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები
ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
სახელმწიფო შესყიდვები და სხვა
დოკუმენტი ასევე გულისხმობს მხარეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა:
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
საინფორმაციო ტექნოლოგიები
ტურიზმი
გარემოს დაცვა და სხვა.
📊 საქართველო-კორეის რესპუბლიკის სავაჭრო ბრუნვა რეკორდული 2018 წელს იყო და 118 მლნ დოლარს შეადგენდა.
📈 2022 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 23.1%-ით 99 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასები შემცირდა
👉 საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია გრძელდება, როგორც რუსულ, ასევე დასავლურ ბენჩმარკებთათ მიმართებით.
📉 რუსული ნავთობის ფასი 8%-ით დაეცა და ამჟამად ბარელი Urals-ის ღირებულება 53 დოლარს შეადგენს.
ერთთვიან პერიოდში რუსული ნავთობი 17%-ითაა გაიაფებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ვარდნის მაჩვენებელი 33%-ია.
დასავლური ბენჩმარკები ბოლო ერთ თვეში 14%-ით არის შემცირებული:
ბარელი Brent - $73
ბარელი WTI - $69
📉 ერთწლიან ჭრილში ნავთობი 35%-ითაა გაიაფებული.
📊 რაც შეეხება ბუნებრივ აირს:
აშშ-ის მასშტაბით გაზი 75%-ითაა გაიაფებული;
ევროპის მაშტაბით - 67%-ით გაიაფდა
ბრიტანეთში, ერთ წელიწადში - 50%-ითაა გაიაფებული
🔎 ანალიზი: რა ხდება ნავთობის ბაზარზე?
📉 პრობლემები აშშ-ს ეკონომიკაში
აშშ-ში საწარმოო ინდექსის მოცულობა მკვეთრად დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის ეკონომიკა კრიტიკულ ნიშნულამდე ნელდება და შესაძლოა, ის რეცესიაშიც გადავიდეს;
FED-მა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით, 5%-იან ნიშნულამდე გაზარდა, რაც ზღუდავს ეკონომიკურ აქტივობას და ამცირებს მოთხოვნას საქონელზე (მათ შორის საწვავზე).
📉 რუსეთ-უკრაინის ომი
რამდენიმე დღის წინ უპილოტო საფრენი აპარატით კრემლზე შეტევა განხორციელდა;
ზუსტად ვინ დგას ამ თავდასხმის მიღმა უცნობია, თუმცა ზემოხსენებულ ინციდენტს ოფიციალური კრემლი უკრაინის სამხედრო ძალებს უკავშირებს, რაც, თავის მხრივ, კონფლიქტის ესკალაციის რისკებს ზრდის;
რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავება დამატებითი გამოწვევაა მსოფლიო ეკონომიკისთვის.
ცნობისთვის, საქართველოში იმპორტირებული საწვავისა და ნავთობპროდუქტების 67% სწორედ რუსეთის ფედერაციიდან შემოდის, შესაბამისად, ფასების შემცირება პირდაპირ აისახება ქართულ ბაზარზეც.